ზელენსკი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე: არ ვფიქრობ, რომ ბუდაპეშტი ამ შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბუდაპეშტი არ არის საუკეთესო ადგილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეთანხმებული მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ ბუდაპეშტი ამ შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილია. რა თქმა უნდა, თუ მას შეუძლია მშვიდობის მოტანა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში გაიმართება შეხვედრა“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ მანამდე ეს საკითხი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან განიხილა და სხვა პოტენციური ვარიანტებიც შესთავაზა.
პრეზიდენტის თქმით, შეხვედრების ადგილმდებარეობისთვის ბევრი „სხვადასხვა ღირსეული ვარიანტი“ არსებობდა, მათ შორის შვეიცარია, ავსტრია, ვატიკანი, საუდის არაბეთი, კატარი და თურქეთი.
„ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაში მშვიდობაზე და არა უნგრეთში არჩევნებზე. არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ყველგან ბლოკავს უკრაინას, შეუძლია რაიმე დადებითი გააკეთოს უკრაინელებისთვის, ან თუნდაც რაიმე დაბალანსებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„მეჩვენება, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მუდმივად ავრცელებენ მოსაზრებას, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, ამ ომში უპირობო უპირატესობა აქვს, უნგრეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია. და როდესაც შუამავლობაზე ვსაუბრობთ, არ მგონია, რომ უნგრეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ამ საკითხისადმი, ასე ვთქვათ, ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეს“, - დასძინა მან.