ზელენსკი: ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ

„მსურველთა კოალიციასთან“ დღეს გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპა რუსულ ნავთობს კვლავ ყიდულობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა, რომ ევროპა რუსულ ნავთობს ყიდულობს. სხვა საკითხებთან ერთად, არსებობს ორი ქვეყანა, ჩვენ ვიცით, რომ ესენი არიან უნგრეთი და სლოვაკეთი. როდესაც რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს და ჩვენც მათ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმით ვუპასუხეთ, საიდანაც ისინი ფულს შოულობენ და შემდეგ იარაღზე ხარჯავენ, სწორედ ამ ორმა ქვეყანამ შესჩივლა პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინა ასეთია, ამცირებს შესაბამისი ნავთობის მიღების შესაძლებლობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინამ სწორედ ამიტომ დააწესა „ამ ტიპის სანქციები“ რუსეთის ნავთობსექტორის წინააღმდეგ.
„მოხარული ვარ, რომ დღეს აშშ ღიად ამბობს, ამ ქვეყნებს ასახელებს, რომ ისინი რუსეთის სამხედრო მანქანას ეხმარებიან. და ჩვენ ყველამ უნდა შევაჩეროთ ეს“, - დასძინა ზელენსკიმ.
მაკრონმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეშფოთებულია უნგრეთისა და სლოვაკეთის არჩევანით, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენას აგრძელებენ.
„და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, რადგან ზოგჯერ მათ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ისინი ძალიან ახლოს არიან აშშ-ის ადმინისტრაციასთან. ძალიან კარგია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.