ზელენსკი: თავდაცვის მხარდაჭერის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი ამჟამად უკრაინასა და აშშ-ს შორის სამუშაო დონეზე ზუსტდება

თავდაცვის მხარდაჭერის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი ამჟამად უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამუშაო დონეზე ზუსტდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მან უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოხსენებები მოისმინა.
„კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შესახებ. ამჟამად უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამუშაო დონეზე ზუსტდება ყველა დეტალი თავდაცვის მხარდაჭერის მიწოდებასთან დაკავშირებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვის კომპონენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასე თუ ისე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის დაცვა“.
ინფორმაციისთვის, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ პენტაგონმა შეაჩერა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ზოგიერთი რაკეტისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი ძალიან შემცირდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება შეთანხმებული თავდაცვითი დახმარების მიწოდების გრაფიკის შეჩერების, ან გადახედვის შესახებ, ამიტომ ისინი ცდილობენ ამ საკითხის პირდაპირ ამერიკელებთან გარკვევას.