ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე: ზუსტად ის არის, რასაც ველოდით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიების წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის მიღებას გამოეხმაურა.
ზელენსკის თქმით, ეს მნიშვნელოვან სიგნალს უგზავნის როგორც რუსეთს, ასევე სხვა ქვეყნებს. აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ერთად ევროპის საბჭოს სხდომის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებია. მე-19 პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამერიკული სანქციებიც უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, მათ შორის ჩრდილოვან ფლოტზე, სანამ პუტინი ამ ომს არ შეწყვეტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მან თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ „ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ ველოდით“.
„ღმერთმა ქნას, ამან იმუშაოს“, - აცხადებს ზელენსკი.
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე.