ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებზე: ეს არის ის, რასაც ველოდით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა აშშ-ის სანქციებს რუსეთის ნავთობისა და გაზის გიგანტების წინააღმდეგ და ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვან სიგნალს უგზავნის როგორც რუსეთს, ასევე სხვა ქვეყნებს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ერთად დაგეგმილ შეხვედრამდე მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებია. მე-19 პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება, მაგრამ ამერიკული სანქციებიც უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს კარგი სიგნალია სხვა ქვეყნებისთვის, რომ შეუერთდნენ სანქციებს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ზეწოლა, მათ შორის ჩრდილოვან ფლოტზე, სანამ პუტინი ამ ომს არ შეწყვეტს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ „ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ ველოდით“.
„ღმერთმა ქნას, ამან იმუშაოს“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთი ომის შეჩერების სურვილს არ ავლენს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს.
„ხედავთ - ისინი ურტყამენ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, მშვიდობიან მოსახლეობას და ზრდიან ზეწოლას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ერთად უნდა დავიცვათ თავი, არამედ ზეწოლაც მოვახდინოთ პუტინზე, რათა ომი შეწყდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ ზეწოლა უნდა მოიცავდეს სანქციების პაკეტებს, შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ფინანსურ მხარდაჭერას.