Loading data...
ზელენსკი: რუსეთის ენერგეტიკული სექტორი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ისეთივე ლეგიტიმური სამიზნეა, როგორიც სამხედრო ობიექტები

რუსული ენერგეტიკა უკრაინის დარტყმების ლეგიტიმური სამიზნეა, ისევე, როგორც სამხედრო ობიექტები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა გვიწევდეს არჩევანის გაკეთება სამხედრო სამიზნესა და ენერგეტიკას შორის. ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] ყიდის ამ ენერგიას. ის ყიდის ნავთობს. ეს ენერგეტიკაა, თუ სამხედრო სამიზნე? სიმართლე გითხრათ, ეს ერთი და იგივეა. ის ყიდის ნავთობს, იღებს ფულს, დებს ინვესტიციას იარაღში. ის ამ იარაღით კლავს უკრაინელებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინელებს ორი ვარიანტი აქვთ: იარაღის აწყობა და რუსულ იარაღზე დარტყმა, ან რუსული ფულის დაგროვებისა და წარმოშობის წყაროზე, ანუ ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმა. 

„აი, რა ხდება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეებია. და ვის შეეძლო ჩვენამდე ამის გაკეთება რუსებისთვის? არავის“, - განაცხადა ზელენსკიმ.