ზელენსკი: რუსეთი ცდილობს, გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რომელიც უკვე საბოლოო ეტაპზე უნდა ყოფილიყო
რუსეთი ცდილობს, გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რომელიც უკვე საბოლოო ეტაპზე უნდა ყოფილიყო მისული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კერძოდ, უკრაინის, ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ორ ფრონტზე მიმდინარეობდა, კერძოდ, სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე“, - აღნიშნა მან.
უკრაინის დელეგაცია, ამერიკულ გუნდთან ერთად, ასევე, შეხვდა ევროპის წარმომადგენლებს - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ევროპის მონაწილეობას, რაც აუცილებელია შესაძლო შეთანხმებების შემდგომი წარმატებული განხორციელებისთვის.
„გუშინ საკმაოდ რთული შეხვედრები იყო და შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ რუსეთი ცდილობს, გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რომლებიც შეიძლებოდა, უკვე ფინალურ ეტაპზე ყოფილიყო მისული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს დეტალებისადმი ყურადღებისა და „რუსეთის არსებულ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში გამოჩენილი მოთმინებისთვის“.
„მე უკრაინის დელეგაციას მკაფიო ამოცანა დავუსვი - გააკეთოს ყველაფერი, რათა მოლაპარაკებები საბოლოოდ პროდუქტიული იყოს და შეიქმნას მშვიდობიანი გადაწყვეტილებების შესაძლებლობები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.