Loading data...
ზელენსკი: რუსეთი 9 მაისს დუმილს ითხოვს და ყოველდღე ურტყამს უკრაინას - ეს უმაღლესი დონის ცინიზმია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ცინიზმში დაადანაშაულა და გაიხსენა, რომ მოსკოვი 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, თუმცა ყოველდღიურად დაუნდობლად უტევს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს.

როგორც პრეზიდენტმა Telegram-ში აღნიშნა, ღამით რუსებმა კიევზე, ჩერკასის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და კიევის ოლქებზე მიიტანეს იერიში. საერთო ჯამში, ღამით ოკუპანტებმა მშვიდობიანი ქალაქების მისამართით 165 დრონი გაუშვეს. დონეცკისა და სუმის ოლქებში დაბომბვები მთელი დილის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„რუსები 9 მაისს დუმილს ითხოვენ მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია. საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა დუმილისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ სულ მცირე ერთი თვით, რათა ომი დასრულდეს. თუ დუმილი, მაშინ ყოველდღიურად, თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის დახმარებას და რუსეთზე ზეწოლას.