დონალდ ტრამპი: რუსეთს უკრაინის მხოლოდ ნაწილი არ სურს, მას მთელი უკრაინა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის, რისი დათმობაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთს მოუწევს, მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა.
NBC News-თან ინტერვიუში მას ჰკითხეს, თუ რა დათმობაზე წასვლა მოუწევდა თავად მოსკოვს, რადგან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ უკრაინას თავისი ტერიტორიების ნაწილის დათმობა მოუწევს. საპასუხოდ, ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთს „მოუწევს მთელი უკრაინის დათმობა“.
„რუსეთს მოუწევს მთელი უკრაინის დათმობა, რადგან ეს არის ის, რაც მათ სურთ. მე რომ არ ჩავრეულიყავი, ისინი ახლა მთელი უკრაინისთვის იბრძოლებდნენ. რუსეთს არ სურს მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ახლა აქვს, რუსეთს მთელი უკრაინა სურს და მე რომ არა, ისინი გააგრძელებდნენ ბრძოლას”, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა მას არაერთხელ სთხოვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა, რადგან ის მათ ზარებს არ პასუხობს.