ზელენსკი რუსების მიერ ოდესის იერიშზე: გამოიყენეს 50-ზე მეტი დრონი, ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესაზე საჰაერო იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი სამიზნე სამოქალაქო და ენერგეტიკული ობიექტებია.
„ოდესაზე დრონებით სასტიკი თავდასხმა განხორციელდა. რუსებმა ქალაქის მიმართულებით 50-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთა ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული და სამოქალაქო ობიექტები იყო. ამ დარტყმამ ხუთი საცხოვრებელი შენობა დააზიანა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ბინები და შესასვლელები. ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, სანამ ნანგრევების ქვეშ შესაძლო მოყოლილების ბედი არ გაირკვევა.. ერთ-ერთმა რუსულმა დრონმა ევანგელისტური სალოცავი დააზიანა“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ასევე შეუტიეს ლვოვის, დნეპრის, ნიკოლაევის, სუმის და ხარკოვის ოლქებს, რომელთა სამიზნეც ენერგეტიკული და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.