ზელენსკი: პუტინთან თამაშს არ ვთამაშობ, მზად ვარ შეხვედრისთვის, საუბრისთვის, მაგრამ ნეიტრალურ ადგილას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდეს, მაგრამ არა რუსეთსა და ბელარუსში.
„პუტინს კიევში დავპატიჟებ, მაგრამ რატომ? მასთან თამაშს არ ვთამაშობ და მზად ვარ შეხვედრისთვის, მზად ვარ საუბრისთვის, მაგრამ ნეიტრალურ ადგილას. არაა აუცილებელი, ნეიტრალური იყოს, მაგრამ არც რუსეთი და არც ბელარუსი. იმიტომ, რომ ისინი ამ ომში მოკავშირეები არიან. ბელარუსი პასიური აგრესორია, ეს მართალია. იმიტომ, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან თავს დაგვესხნენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ამერიკელებისთვის რთულია რუსული მენტალიტეტის გაგება - როდის იტყუებიან და როდის ამბობენ სიმართლეს.
„თუ ჩვენ დავტოვებთ ამ ტერიტორიას, მაგალითად, კრამატორსკს, სლავიანსკს, მაშინ ახლა იქ მცხოვრებ 200 000 ადამიანს რუსები დაიპყრობენ. ისინი იტყვიან, რომ ეს ადამიანები მზად არიან, რუსები იყვნენ და თუ არა, მათ დახოცავენ, ან ფრონტზე გაგზავნიან, ან დააპატიმრებენ. იგივე გააკეთეს ლუგანსკში, დონეცკსა და ყირიმში“, - დასძინა ზელენსკიმ.