ზელენსკი: პუტინი ტრამპის მოტყუებას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს სანქციების თავიდან ასაცილებლად

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს მოატყუოს დონალდ ტრამპი და იზოლაციიდან გამოსვლის გზა იპოვოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში გასულ თვეში ალასკაში გამართული სამიტის კომენტირებისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპთან ამ შეხვედრამ „პუტინს ბევრი რამ მისცა“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამმხრივი შეხვედრა რომ ყოფილიყო [უკრაინის მონაწილეობით], ჩვენ გარკვეულ შედეგს მივაღწევდით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პუტინს ალასკის სამიტით „პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლა სურდა“ და მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის „მას მეტი უნდა გადაეხადა“.
„ამ ომში მას უნდა მიეღო მარცხი და შეჩერება, მაგრამ ამის ნაცვლად, მან დეიზოლაცია მიიღო. მიიღო ფოტოების პრეზიდენტ ტრამპთან. მან საჯარო დიალოგი მიიღო და ვფიქრობ, ეს პუტინს სხვა სამიტებსა და ფორმატებში მონაწილეობის კარს უხსნის, რადგან ასეა საქმე და ჩვენ ამას ვხედავთ, ვაკვირდებით და არ მგონია, რომ მან ამისთვის რამე გადაიხადა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პუტინს არ მიეცეს იზოლაციიდან გამოსვლის შესაძლებლობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავს ვალდებულად არ იგრძნობს ომი შეაჩეროს.