ზელენსკი: პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ უნდა გავჩერდეთ იქ, სადაც ვართ და ვისაუბროთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის რეალური მოლაპარაკებების ყველაზე რთული თემა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ტერიტორიული საკითხი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, ძალიან სპეციფიკური და სინამდვილეში, ყველაზე რთული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, მისი თქმით, რუსებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.
„მათ მართლაც ყველაფრის ოკუპაცია სურთ. თუმცა ახლა, ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტამდე, მათ სურთ შეთანხმების დადება მიწაზე, ჩვენს ტერიტორიებზე და ა.შ. ჩვენი პოზიცია ასეთია: პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ამიტომ ჩვენ უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ და გავიგოთ, სად ვდგავართ. და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. ვფიქრობ, პრეზიდენტი [ტრამპი] ხვდება, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებში, მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში, ყველაზე რთული საკითხი ტერიტორია იქნება. სამწუხაროდ, ეს უკრაინის ტერიტორიაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, წარუდგინა თუ არა ამერიკულმა მხარემ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლის წინადადებები. პრეზიდენტმა განაცხადა:
„ჩვენ გვესმის რუსეთის წინადადება. გახსოვთ ტერიტორიული გაცვლა და ა.შ. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთმა შეიცვალა პოზიცია. დარწმუნებული არ ვარ. ჩვენ არ გვქონია არანაირი შეხვედრა ორი მხარის პოზიციების გასაგებად“.
ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ უკრაინის გარეშე ომის დასრულებას ვერავინ შეძლებს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტერიტორიული საკითხი მგრძნობიარე თემაა.
„თქვენ ნახავთ, რომ ეს ამ მოლაპარაკებებში ძალიან რთული მომენტი იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებები გვექნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს ტრამპის განცხადების შესახებ, რომ უკრაინამ და რუსეთმა უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები იქ, სადაც ისინი ამჟამად მიმდინარეობს და ერთდროულად გამოაცხადონ „გამარჯვება“ ომში. მან უპასუხა: „ვეთანხმები პრეზიდენტს - ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს“.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ტრამპი მართალია.
„და ის მართალია, პრეზიდენტი მართალია. ჩვენ უნდა გავჩერდეთ იქ, სადაც ვართ. მნიშვნელოვანია, გავჩერდეთ იქ, სადაც ვართ და შემდეგ ვისაუბროთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, ზელენსკი დასძენს, რომ თუ „ერთ ადამიანს არ სურს“ საუბარი, არსებობენ სხვა ადამიანები, ჯგუფები, რომლებიც შეხვდებიან და განიხილავენ, თუ რა უნდა გააკეთონ, როგორ გადადგან რეალური ნაბიჯები ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. მან დასძინა, რომ ყველაფერი პუტინის პოზიციაზეა დამოკიდებული, რადგან უკრაინას ეს ომი არ სურდა.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღიაა ორმხრივი, ან სამმხრივი შეხვედრისთვის, ან ნებისმიერი სხვა ფორმატისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ამ ფორმატმა უკრაინა მშვიდობასთან უნდა დააახლოოს.