Loading data...
ზელენსკი: ომის დასრულების შემდეგ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებს

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების პროექტი არ ითვალისწინებს შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, თუმცა ომის დასრულების შემდეგ აშშ მათ თანდათანობით მოხსნას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს მნიშვნელოვნად, შეთანხმების ხელმოწერისას ჩაიწეროს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იხსნება, რადგან გაურკვეველია, რა მოხდება შემდეგ.

„ჩვენ ვერ ვხედავთ სანქციების მოხსნას უკრაინასა და ამერიკას შორის ამ შეთანხმებაში, მაგრამ გვესმის, რომ ამერიკა ომის დასრულების შემდეგ სანქციების თანდათანობით მოხსნაზე გადავა. და აქ კითხვა ისმის, თუ რამდენად ძლიერები შეიძლება იყვნენ ევროპელები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„ამერიკული სანქციები ამერიკული სანქციებია. ასევე არსებობს ევროპული სანქციები. არსებობს სანქციები მსოფლიოს სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ეს სანქციების შესახებ მრავალმხრივი ისტორიაა და საკმაოდ უცნაური იქნებოდა, თუ ვინმე სხვებს რამეს დაჰპირდებოდა. უფრო მეტიც, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვესმის, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ რუსები ამა თუ იმ დოკუმენტს, ან ომის დასრულებას, ზოგადად“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს სურს რუსეთთან გარკვეული პარიტეტის ქონა, თუ ისინი უკრაინას თავისუფალ ვაჭრობას მისცემენ, ანუ ისინი უკრაინასთან და რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საუბრობენ.

„ამერიკის პოზიცია — რადგან ეს ოთხმხრივი დოკუმენტია — თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არის ის, რომ თუ ისინი უკრაინას თავისუფალ ვაჭრობას მისცემენ, მათ სურთ გარკვეული პარიტეტი ჰქონდეთ რუსეთთან. ანუ ისინი საუბრობენ უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე“, - აღნიშნა მან.

„მაგრამ ისინი სწორედ ამას ამბობენ. ჩვენ საკუთარ თავზე ვსაუბრობთ - უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ სამშვიდობო გეგმის მეათე პუნქტის შესახებ საუბრისას, რომელიც ითვალისწინებს, რომ შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინა დააჩქარებს შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების პროცესს.