Loading data...
ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და ჩვენ უნგრეთთან ურთიერთობებს ნორმალიზებას მოვახდენთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებში დამარცხდება და შემდეგ უნგრეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ მან გამოცემა „Corriere Della Sera“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„უნგრეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ მას სამხედრო წონა არ აქვს. მე მასთან არ ვსაუბრობ, რადგან მას არ სურს, მაგრამ მაქვს კონტაქტები (სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან) რობერტ ფიცოსთან. მე მჯერა, რომ ორბანი არჩევნებში დამარცხდება და შემდეგ ჩვენ შევძლებთ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას, ასევე, იმიტომ, რომ უნგრელი ხალხი პრორუსული არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა მიუღებელია.

„პუტინი ახალ ფინანსურ შემოსავლებს დაუყოვნებლივ გამოიყენებს იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აღდგენის მოთხოვნაზე.

„რუსებმა რამდენჯერმე დაბომბეს „დრუჟბა“, შემდეგ კი თავს დაესხნენ ჩვენს ტექნიკოსებს, რომლებიც მას არემონტებდნენ. რატომ არ დაადანაშაულა ორბანმა რუსები დაბომბვაში? მე ეს ფიცოს ავუხსენი: მილსადენი განადგურებულია, მის აღსადგენად ზავია საჭირო და ეს პუტინს ნათლად უნდა აუხსნათ“, - აღნიშნა მან.