ზელენსკი: გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია, მას პუტინის შეჩერება შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლის ლიდერს მოუწოდა, ჰქონდეს „მკაფიო პოზიცია“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საბრძოლო მოქმედებების შეჩერების ერთადერთი გზა, პირველ რიგში, უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების უზრუნველყოფაა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ტრამპი გამბედაობას გამოიჩენს.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამ კვირაში სახელმწიფო ვიზიტის დროს ტრამპთან დეტალურად განიხილავს უკრაინის უსაფრთხოების საკითხს.
„სანამ ომს დავასრულებთ, მე ნამდვილად მინდა, რომ ყველა შეთანხმება დაიდოს. მინდა, გვქონდეს დოკუმენტი, რომელსაც შეერთებული შტატები და ყველა ევროპელი პარტნიორი დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია“, - თქვა ზელენსკიმ.