ზელენსკი: დონბასიდან უკან დახევა არ მოხდება, უკრაინის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება

დონბასიდან უკან დახევა არ მოხდება და უკრაინის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის გასვლას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, თუმცა ასეთი მოთხოვნა მიუღებელია.
„რუსები ასახელებენ თავიანთ ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც ოკუპაციის შემდეგ ჩატარდა. ეს უკანონოა და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე უარყო არგუმენტები დონბასის რუსეთის კონსტიტუციაში შეტანის შესახებ.
„თუ ხვალ პუტინი კიდევ რაღაცას შემოგვთავაზებს, ისევ უნდა გავიდეთ რომელიმე ტერიტორიიდან? და თუ უკრაინის კონსტიტუციაში შევიტან, მაგალითად, რუსეთის ორ ოლქს, ისინი ამ ტერიტორიებიდან გავლენ? ეს მოდელი არ მუშაობს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ ტერიტორიების საკითხი, კერძოდ, დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების, კვლავ გაურკვეველი რჩება.
„რუსები, სავარაუდოდ, გულისხმობენ, რომ ისინი წინ აღარ წავლენ, მაშინ, როდესაც ამერიკელები ამას განიხილავენ, როგორც ტერიტორიების უკრაინისთვის შესაძლო დაბრუნებას“, - განმარტა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო მოლაპარაკებების დროს არმიასთან, ენასთან, ან „რეჟიმის შეცვლასთან“ დაკავშირებული არანაირი პირობა არ განხილულა, მხოლოდ ტერიტორიული საკითხი განიხილეს. თუმცა, თუ უკრაინა დათანხმდება მიუღებელ ტერიტორიულ გადაწყვეტას, არსებობს რისკი, რომ ყველა მომავალი საკითხი მისი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება.
„ეს ახლა არ უხსენებიათ. თუმცა, ცხადია, რომ თუ უკრაინა „შეჭამს იმას, რაც თეფშზეა დადებული“, რაც ტერიტორიული საკითხის ცუდად გადაწყვეტას ნიშნავს, მაშინ ისინი ყველა დანარჩენი საკითხის ჩვენ გარეშე მოგვარებას შეეცდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ დაარღვევს შეთანხმებებს, თუ მას უსაფრთხოებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეალური გარანტიები ექნება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა ტერიტორიული გაცვლის შეთავაზება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცირე ნაწილების სანაცვლოდ დათმობდა. თეთრ სახლში შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, ომის დასრულების შესახებ რუსეთის პირობები მიეღო.
ამავდროულად, თავად დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დონბასის რუსეთისთვის დათმობაზე არასდროს უსაუბრია. მან ასევე განაცხადა, რომ დონბასი გაყოფილი უნდა დარჩეს, „როგორც ახლაა“.
„დაე, ისე გაიყოს, როგორც არის. ახლა უკვე გაყოფილია. ვფიქრობ, ტერიტორიის 78% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე დატოვეთ. მათ შეუძლიათ... რაღაცაზე მოგვიანებით მოილაპარაკონ“, - განაცხადა ტრამპმა.