ზელენსკი: დილის 10 საათიდან გაიზარდა რუსული დაბომბვის რაოდენობა და ოკუპანტის მიერ კამიკაძე დრონების გამოყენება

დილის 10 საათიდან რუსული დაბომბვის რიცხვმა და მტრის მიერ კამიკაძე დრონების გამოყენებამ იმატა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ აღდგომის დღესასწაულზე, 12:00 საათისთვის ფრონტზე არსებული ვითარების თაობაზე მოხსენება გააკეთა.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ რუსეთის საპასუხოდ თავისი ქმედებების სარკისებური ხასიათი გამოაცხადა, დილის 10 საათიდან გაიზარდა რუსული დაბომბვის რაოდენობა და ოკუპანტის მიერ კამიკაძე დრონების გამოყენება - მხოლოდ FPV-ის მხრივ რუსული არმიის მხრიდან ორმაგი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, რუსული არმია ყველაზე აქტიურ სამხედრო მოქმედებებს დღეს დილით პოკროვსკისა და სევერსკის მიმართულებით ახორციელებს. ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსული მძიმე იარაღის გამოყენება ფრონტის ამ და ზოგიერთ სხვა ნაწილში გრძელდება.
„დღევანდელი დღის 00:00-დან 12:00 საათამდე პერიოდში უკვე 26 რუსული შეტევა განხორციელდა. ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის მხრიდან საკუთარი დაპირების დარღვევას აღდგომის მთელი პერიოდის განმავლობაში სრული დუმილის შესახებ და მზად ვართ, მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს შესაბამისი ინფორმაცია. ფაქტობრივად, ან პუტინი სრულად არ აკონტროლებს თავის ჯარს, ან ვითარება ადასტურებს, რომ მათ რუსეთში ომის დამთავრებისკენ რეალური მოძრაობის მიზანი არ აქვთ და მედიაში მხოლოდ მომგებიანი პიარი სჭირდებათ. კარგია, რომ ყოველ შემთხვევაში საჰაერო განგაში არ ყოფილა“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 19 აპრილს რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში სააღდგომო ზავი გამოაცხადა. კრემლის განცხადებით, საომარი მოქმედებები 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე შეწყდება.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ცეცხლის შეწყვეტა 20 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს.