Loading data...
ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს

თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ის 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

მან გაიხსენა, რომ რუსეთის ფედერაცია უკვე 39 დღეა, აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას უგულებელყოფს.

„თუ ახლა რუსეთი მოულოდნელად მზად იქნება, რომ ნამდვილად შეუერთდეს სრული და უპირობო დუმილის ფორმატს, უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს - ისე, როგორც რუსული მხარე. დუმილი დუმილის საპასუხოდ, დარტყმები დარტყმებისგან თავის დასაცავად“, - განმარტა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სრული სიჩუმე მართლაც დამკვიდრდება, უკრაინა გამოდის წინადადებით, რომ ის 20 აპრილის სააღდგომო დღის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს.

„ეს გვიჩვენებს რუსეთის ნამდვილ ზრახვებს, რადგან 30 საათი საკმარისია სათაურებისთვის, მაგრამ არა რეალური ნდობის აღდგენის ღონისძიებებისთვის. ოცდაათმა დღემ შესაძლოა, მშვიდობას შანსი მისცეს“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მთავარსარდალ სირსკის მოხსენების თანახმად, რუსეთის იერიშები ფრონტის ზოგიერთ რაიონში გრძელდება და რუსული არტილერია არ ცხრება.

„ამიტომ, მოსკოვის სიტყვების მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მანიპულირებს მოსკოვი და ყოველთვის მზად ვართ ყველაფრისთვის. უკრაინის თავდაცვის ძალები იმოქმედებენ რაციონალურად, სარკისებური რეაგირებით. რუსეთის თითოეულ დარტყმას საკმარისი პასუხი ექნება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 აპრილს უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

„დღეს 18:00 საათიდან – კვირის 00:00 საათამდე რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს. ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება ყველა საბრძოლო მოქმედება“, – განაცხადა პუტინმა.

სააღდგომო ზავი 30 საათს გაგრძელდება.