Loading data...
ზელენსკი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით თავის ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან ისაუბრა და მალე შეხვედრაზე შეთანხმდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მაკრონთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა „სწორი მომენტია, რათა სიტუაცია ომის დასრულებისკენ წავიყვანოთ“.

„მთავარია, სრულად გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და რუსეთზე სწორი ზეწოლა განვახორციელოთ. ზეწოლა მასზე, ვინც ომი დაიწყო, გამოსავლის პოვნის გასაღებია“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საუბრის დროს მან და მაკრონმა დიპლომატიის ყველა მიმდინარე ასპექტი და პარტნიორებთან ბოლოდროინდელი კონტაქტები განიხილეს.

„მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შევხვდებით“, - დასძინა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად იმყოფებოდა. შეხვედრის დროს მან ტრამპს განუცხადა, რომ მზად არის, ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრას შეუერთდეს. 

ამავდროულად, ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბუდაპეშტი არ არის საუკეთესო ადგილი მოლაპარაკებებისთვის, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ.