Loading data...
ზელენსკი: ბელგია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც რეპარაციების სესხს ეწინააღმდეგება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მოლაპარაკებებში მონაწილე რამდენიმე ქვეყანა უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გამოყოფას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს სხდომაში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინის სხვადასხვა ოპონენტის მოტივაცია განსხვავებულია და რამდენიმე ქვეყანას რაციონალური არგუმენტები აქვს, თუმცა უკრაინის მიმართ იდეოლოგიური წინააღმდეგობაც არსებობს.

„არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. (ზოგიერთ სახელმწიფოს) შიდა პრობლემები აქვს, ზოგს - შიდა პოლიტიკა, ზოგი კი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგაა. და რაც არ უნდა გააკეთოს უკრაინამ, ზოგი მაინც მის წინააღმდეგ იქნება. ეს მათი პოლიტიკური ცრურწმენებია“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსული ფულის უკრაინაში გადარიცხვა ევროპის მიერ ომის გამოცხადებას უტოლდება.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის მთავარი შედეგია და არა დაფინანსების კონკრეტული ფორმა.

„მაგრამ ყველაზე შესაფერისი ფორმა რეპარაციის სესხია, რათა რუსეთმა გაიგოს, რომ მას რეპარაციების გადახდა მოუწევს“, - აღნიშნა მან.