ზელენსკი: ბელარუსში „ორეშნიკის“ განთავსება მთელ ევროპას საფრთხეს უქმნის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის „ორეშნიკის“ ბელარუსში განთავსება ევროპისთვის, განსაკუთრებით კი ბელარუსის უშუალო მეზობლებისთვის, ახალ რისკებს ქმნის. ამის შესახებ ზელენსკიმ მედიის თანდასწრებით საჯარო შეხვედრის დროს განაცხადა.
„მათ აქვთ 5000 კმ-ის მოქმედების რადიუსი და დაახლოებით 700 კილომეტრის „მკვდარი ზონა“. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებმა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, ყურადღება უნდა მიაქციონ ამას, ისევე, როგორც ჩვენმა ბალტიისპირელმა კოლეგებმა და ყველა დანარჩენმა. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ რისკებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის პარტნიორებს გაუზიარებს ინფორმაციას ამ პროექტში ჩართული 25 რუსული კომპანიის შესახებ, რომლებიც დასავლეთის სანქციებს ჯერ არ ექვემდებარებიან.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ ბელარუსში საბრძოლო მზადყოფნაში 2025 წლის ბოლოსთვის იქნება.