ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე ოპერაციები გაგრძელდება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე ოპერაციებს აგრძელებს, რაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვან დარტყმებს აყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, 2 აგვისტოს მან მოისმინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვასილ მალიუკის ანგარიში.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი სპეციალური, შორ მანძილზე ჩატარებული ოპერაციებისთვის. ეს ძალიან იგრძნობა. თითოეულ მათგანს მტერიც გრძნობს და ჩვენი ოპერაციები გაგრძელდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ომს აჭიანურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სამართლიან პასუხს მიიღებს.
„ამ კვირაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდანაც შესაბამისი ქმედებები განხორციელდა მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს თავდაცვას ასუსტებდა. გამოაშკარავდა საკმაოდ სერიოზული რუსი აგენტი საჰაერო ძალებში, ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირი, რომელიც ჩვენი არმიისთვის პროდუქციის შეძენით ფულის გამომუშავებას ცდილობდა“, - განაცხადა მან.
როგორც ზელენსკიმ განმარტა, ყველა სამართალდამცავმა ორგანომ და ყველამ, ვინც თავის პოზიციაზეა, უნდა დაიცვას სახელმწიფო და უკრაინელები.
„ყველამ უნდა მიაღწიოს შედეგებს უკრაინისთვის. თქვენთვის და ჩემთვის. ჩვენი უკრაინის სტაბილურობისთვის. უკრაინაში სამართლიანობისთვის. უკრაინის დასაცავად. და ყველა ჩვენგანის, ჩვენი ხალხის დასაცავად“, - დაასკვნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 1-2 აგვისტოს ღამით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის 8 რეგიონს შეუტიეს.