ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია, კადიროვის დასაკავებლად ოპერაცია ჩაატაროს, რათა პუტინმა ეს დაინახოს და საკუთარ მომავალზე დაფიქრდეს
შეერთებულ შტატებს აქვს ინსტრუმენტები, რათა რუსეთი მშვიდობისკენ აიძულოს. მაგალითად, მათ შეუძლიათ ჩაატარონ ოპერაცია ჩეჩნეთის მმართველის რამზან კადიროვის დაკავების მიზნით, რათა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს დაინახოს და საკუთარ მომავალზე დაფიქრდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ონლაინ ბრიფინგზე განუცხადა.
მას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უკრაინის დასავლელი პარტნიორები, თუ სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში ვერ მიიღწევა. „ძალიან მინდა, სამშვიდობო შეთანხმება იყოს, დიპლომატიამ იმუშაოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, - უპასუხა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ სანამ სამშვიდობო შეთანხმება არ არსებობს, პარტნიორებმა იციან, რომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ.
„თითქოს ომი ჩვენთან კი არა, მათთანაა. მათ ეს უნდა იგრძნონ. მათ ყველაფერი იციან - ჩვენი საჰაერო თავდაცვა, ჩვენი ძლიერი არმია, დრონების წარმოებისთვის საჭირო თანხები, ცის დაცვა. ეს ყველას შესანიშნავად ესმის“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დიპლომატიურ გზაზე ამერიკელები ამჟამად პროდუქტიულები არიან.
„კარგი შედეგები გვაქვს. თუმცა ეს ყველაფერი ბოლომდე მიყვანილი არ არის. მათ რუსეთზე ზეწოლა უნდა განახორციელონ. მათ აქვთ ინსტრუმენტები, ეს შეუძლიათ. და როდესაც ნამდვილად მოისურვებენ, შეუძლიათ იპოვონ ინსტრუმენტები რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად. მთავარია, რომ უკრაინა მათთვის პრიორიტეტი იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში, რომლის დროსაც პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დაატყვევეს.
„მათ ჩაატარეს ოპერაცია? ჩაატარეს. შედეგს მთელი მსოფლიო ხედავს. მათ ეს სწრაფად გააკეთეს. დაე, კადიროვის წინააღმდეგ რაიმე სახის ოპერაცია ჩაატარონ, ამ მკვლელის წინააღმდეგ. შემდეგ კი შესაძლოა, პუტინმა დაინახოს ეს და კარგად დაფიქრდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.