ზელენსკი: აშშ-ის მიერ სანქციების შემსუბუქებამ, შესაძლოა, რუსეთს ომისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რა თანხის გამომუშავება შეუძლია რუსეთს აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დროებითი შემსუბუქებით. ამის შესახებ მან პარიზში ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ამერიკის მხრიდან ამ ერთ დათმობაზე წასვლამ, შესაძლოა, რუსეთს ომისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი მოუტანოს. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას. ამიტომ, ევროკავშირისა და სხვა გლობალური პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილება უნდა შენარჩუნდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებულ ფულსაც იარაღზე ხარჯავს.
„რუსეთი ამ ფულს იარაღზე ხარჯავს, ძირითადად დრონებზე“, - აცხადებს ზელენსკი.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ შეშფოთება გამოთქვა ვაშინგტონის გადაწყვეტილებით და განაცხადა, რომ ეს გაზრდის რუსეთის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად.