Loading data...
ზალუჟნიმ ზელენსკი 2023 წელს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლაში დაადანაშაულა

„2023 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა იმიტომ ჩაიშალა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებულ ძალებს საჭირო რესურსები არ მისცა“. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ „ასოშიეტედ პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზალუჟნის თქმით, ნატოს პარტნიორების დახმარებით კონტრშეტევის გეგმა იყო შემუშავებული. ამ გეგმის მიხედვით, ერთ ადგილას უნდა მომხდარიყო აუცილებელი ძალების კონცენტრაცია და შეტევა განხორციელებულიყო ზაპოროჟიეს ოლქში და შემდეგ სამხრეთის მიმართულებით, აზოვის ზღვისკენ. ამით უკრაინულ ჯარს ყირიმთან რუსეთის სახმელეთო კავშირი უნდა გადაეჭრა.

ზალუჟნის თქმით, ოპერაციის წარმატებისთვის უნდა ყოფილიყო მასშტაბური ძალების კონცენტრაცია და ტაქტიკური მოულოდნელობა. ამის ნაცვლად, უკრაინული ძალები განთავსდნენ ფართო ტერიტორიაზე და ამან მათი შეტევითი პოტენციალი შეასუსტა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა 2023 წლის ივნისში დაიწყო. მალევე გაირკვა, რომ ის ძალზე ნელა მიმდინარეობს და დასახულ ამოცანებს ვერ აღწევს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ფაქტს დასავლეთის მიერ არასათანადო სამხედრო დახმარებით ხსნიდა. ნოემბერში ზალუჟნიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევა ჩიხში შევიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის კონტრშეტევის დროს უკრაინის ძალებმა 125 ათასზე მეტი ადამიანი და 16 ათასამდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა დაკარგა.