WSJ: ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ტრამპი არარეალურ მოთხოვნებს აყენებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან ასაცილებლად

ევროპელი დიპლომატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განზრახ წაუყენა ევროკავშირს არარეალური მოთხოვნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს თავად მოსკოვის წინააღმდეგ ზომების დაწესება, - ამის შესახებ ნათქვამია The Wall Street Journal-ის პუბლიკაციაში.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზად იყო რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დაეწესებინა, თუ ნატოს ყველა ქვეყანა ამას გააკეთებდა და თუ ისინი შეწყვეტდნენ რუსული ნავთობის შეძენას.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირი ახლა ცდილობს იპოვოს პასუხი ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებაზე.
ამავდროულად, ევროპელი დიპლომატების თქმით, ტრამპმა ეს მოთხოვნები წამოაყენა, რადგან იცოდა, ევროკავშირი ვერ შეძლებდა მათ შესრულებას, რაც მას საშუალებას მისცემდა, თავიდან აეცილებინა რუსეთზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლა.
დიპლომატების თქმით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ამ კვირაში წარდგენა გადადო, რათა უფრო მკაცრი ზომები შეიმუშაონ.
ამავდროულად, წყაროები იუწყებიან, რომ ტრამპი მოუწოდებს ევროპას, გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საჯაროდ მოუწოდეს ევროკავშირს, გამოიყენოს ეს თანხები.