WSJ: ჩინეთი შესაძლოა, აშშ-თან დათმობაზე წავიდეს, რათა ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს

ჩინეთი განიხილავს ტრამპის ადმინისტრაციასთან ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას ფენტანილის, შეერთებულ შტატებში კონტრაბანდული ნარკოტიკის, საკითხთან დაკავშირებით, ტარიფებზე მოლაპარაკების დასაწყებად. ამის შესახებ The Wall Street Journal-მა შეიტყო.
WSJ-ის წყაროების ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვანგ სიაოჰონგი ბოლო დღეებში ცდილობს, გაარკვიოს, თუ რა სურს ტრამპის ადმინისტრაციას ჩინეთისგან ფენტანილის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
ჩინური კომპანიები დიდი რაოდენობით აწარმოებენ ქიმიკატებს, რომლებიც ცნობილია, როგორც „პრეკურსორები“, რომლებსაც მექსიკასა და სხვა ქვეყნებში კრიმინალური დაჯგუფებები იყენებენ ფენტანილის წარმოებისთვის და შეერთებულ შტატებში მისი კონტრაბანდისთვის.
ამასთან დაკავშირებით, ჩინეთი განიხილავს ვანგ სიაოჰონგის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესაძლებლობას, რათა შეხვდეს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, ან მესამე ქვეყანაში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს, წერს WSJ.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ პეკინს სურს, ჩინეთთან სავაჭრო ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია გარკვეულწილად შეარბილოს.