Loading data...
WSJ: აშშ-მა ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო დიდ ბრიტანეთში მდებარე კიდევ ერთი საჰაერო ბაზიდან თვითმფრინავების ევაკუაცია განახორციელა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა დიდ ბრიტანეთში მდებარე მილდენჰოლის საჰაერო ბაზიდან თვითმფრინავების ევაკუაცია ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო განახორციელეს, - ამის შესახებ გამოცემა „Wall Street Journal“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბაზიდან საწვავის შესავსებად განკუთვნილი 2 თვითმფრინავი გერმანიაში გადაამისამართეს, ხოლო დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე თვითმფრინავი გერმანიასა და ევროპის სხვა ლოკაციებზე გადაიყვანეს.

პენტაგონსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ოპერაციული უსაფრთხოების მოტივით დეტალებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სამხედრო აქტივების როტაცია სხვადასხვა ოპერაციული საჭიროებიდან გამომდინარე რეგულარულად ხდება. 

„ჩვენ, როგორც წესი, სხვა ქვეყნების საქმიანობაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. თვითმფრინავები და სხვა აქტივები რეგულარულად გადაადგილდება ოპერაციული მოთხოვნების შესაბამისად“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

როგორც მედია წერს, გასულ თვეში უსაფრთხოების ინციდენტის გამო, რომელიც სავარაუდოდ, ირანთან იყო დაკავშირებული, აშშ-მა თავისი ბომბდამშენები ფერფორდის საჰაერო ძალების ბაზიდან გაიყვანა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანთან დაკავშირებული მარიონეტები დგანან ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ცეცხლის წაკიდებისა და სხვა თავდასხმების სერიის უკან. თეირანმა ადრე განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ იმ საჰაერო ბაზებს, რომლებსაც აშშ ირანის წინააღმდეგ ოპერაციებისთვის იყენებდა, საპასუხო დარტყმების ლეგიტიმურ სამიზნეებად განიხილავს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „ძალიან თავაზიანად ესაუბრებოდა“ ამერიკელ მომლაპარაკებლებს და არსებობდა „დიდი შანსი“, რომ მიღწეული იქნეს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის დასასრულებლად და დასძინა, რომ ომი „ფაქტობრივად დასრულებულია“.