Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანის ომი სამხედრო თვალსაზრისით „ფაქტობრივად დასრულებულია“, შეთანხმების მიღწევის დიდი შანსია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი „ძალიან თავაზიანად საუბრობს“ ამერიკელ მომლაპარაკებლებთან და კონფლიქტის დასრულების, შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს.

როგორც ტრამპი დასძენს, ომი „ფაქტობრივად დასრულებულია“.

„ირანი სამხედრო თვალსაზრისით ფაქტობრივად განადგურებულია. ჩვენ უბრალოდ არსებულ მდგომარეობას ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ სპონტანურ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, თუ რატომ არ აცხადებს ის ირანზე გამარჯვებას და რატომ არ გაჰყავს ამერიკული ჯარები რეგიონიდან, თუკი მისი მტკიცებით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა უკვე აღკვეთილი აქვს.

„იქ რამდენიმე შესანიშნავი მოკავშირე გვყავს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ საფრთხე არ შეექმნებათ. თუ ახლა აშშ რეგიონიდან გავა, მათ საფრთხე დაემუქრებათ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ვაშინგტონს სურს არა დროებითი, არამედ გრძელვადიანი შეთანხმება.

„მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს გრძელვადიანი შედეგი იქნება“, - დასძინა მან.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი მალე დასრულდება.

როდესაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ პრეზიდენტი უკვე თვეებია ომის გარდაუვალ დასრულებაზე საუბრობს, ტრამპმა უარყო, რომ ასეთი განცხადებები გაუკეთებია.

„მე განვაცხადე, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი და არც ექნებათ“, - დასძინა ამერიკის ლიდერმა.