WMO: ტყის ხანძრები და სიცხის ტალღები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გლობალურ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) აცხადებს, რომ ტყის ხანძრები და სიცხის ტალღები, რომლებიც ჰაერში მიკროსკოპულ დამაბინძურებლებს წარმოქმნის, შესაძლოა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ბუნების შენარჩუნების საერთაშორისო ძალისხმევა შეაფერხოს.
გაეროს ამინდისა და კლიმატის სააგენტო ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებას შორის კავშირს, რაც მეცნიერების თქმით, სულ უფრო ხშირ და ინტენსიურ სიცხის ტალღებსა და ტყის ხანძრებს იწვევს.
„ექსტრემალური ტყის ხანძრები მატულობს, რაც ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, რადგან კვამლი მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა“, - აცხადებს WMO თავის უახლეს, ჰაერის ხარისხისა და კლიმატის შესახებ ყოველწლიურ დაკავშირებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში რეგულაციების შედეგად მრეწველობისა და ტრანსპორტის მიერ PM2.5-ის ემისიები შემცირდა, თუმცა ხანძრებთან დაკავშირებული PM2.5-ის ზემოქმედება გაიზარდა.
PM2.5 წარმოადგენს 2.5 მიკრომეტრზე ნაკლები დიამეტრის მქონე მიკროსკოპულ ნაწილაკებსა და წვეთებს. ის ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან შეუძლია ფილტვებში ღრმად შეაღწიოს და სისხლის მიმოქცევის სისტემაშიც მოხვდეს.
PM2.5 გამოიყოფა წიაღისეულ საწვავზე მომუშავე სამრეწველო საქმიანობის, სოფლის მეურნეობის, სახლების გათბობისა და ტრანსპორტის შედეგად, ასევე, ტყის ხანძრებისა და მტვრის ქარიშხლების დროს.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით საჭიროა ისეთი ჰაერის დამაბინძურებლების, როგორიცაა აეროზოლები, მათ შორის შავი ნახშირბადი და მიკროპლასტიკები, წვრილი ნაწილაკები და მიწისპირა ოზონი, უკეთესი მონიტორინგი.
WMO-ს განცხადებით, ეს დამაბინძურებლები „სათანადოდ არ კონტროლდება“, მიუხედავად იმისა, რომ ფართოდ არის გავრცელებული და შესაძლოა, ეკოსისტემებისთვის საზიანო იყოს.
„აუცილებელია ჰაერის ხარისხისა და კლიმატის მიმართულებით ურთიერთშემავსებელი და კოორდინირებული პოლიტიკის გატარება, რადგან ამ საკითხების ერთმანეთისგან იზოლირებულად მოგვარება შეუძლებელია“, - აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია.