„ვფიქრობ, როდესაც გინდა, რომ შეხვედრა არ შედგეს, მოსკოვში უნდა დამპატიჟო“ - ზელენსკი პუტინის მიწვევას გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის „მიწვევას“ მოსკოვში ორმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ.
„ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ პუტინმა მოსკოვში დამპატიჟა. ვფიქრობ, როდესაც გინდა, რომ შეხვედრა არ შედგეს, მოსკოვში უნდა დამპატიჟო“, - განაცხადა ზელენსკიმ პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ თუ რუსეთმა შეხვედრაზე საუბარი დაიწყო, ეს უკვე ცუდი არ არის.
„თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ მათ სურვილს, დაასრულონ ომი. ზრდასრულმა ლიდერებმა ამ დონის შეხვედრა გარკვეული შედეგით უნდა დატოვონ, სასურველია, ომის დასრულებით“, - დასძინა პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის, 3 სექტემბერს კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „არ გამორიცხავს“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუ ის მზად არის, მოსკოვში ჩავიდეს.