ვოლოდიმირ ზელენსკის ვარაუდით, პარტნიორებმა დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაზე უარი თქვეს, რათა უკრაინა „უფრო დამთმობი“ გახდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ პარტნიორებისგან დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების თაობაზე უარი მიიღო. ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორებმა მიწოდების შემცირება ოფიციალურად ახლო აღმოსავლეთში არსებულ სამხედრო კონფლიქტს მიაწერეს. თუმცა, მისი ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, პოლიტიკური მოტივებით იყოს განპირობებული.
„ყოველ შემთხვევაში, ეს არის ოფიციალური მიზეზი, რომელიც მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან, პირველ რიგში, აშშ-ისგან, ასევე, ევროპელებისგან... არ ვიცი, არსებობს თუ არა სხვა მიზეზები, ახლო აღმოსავლეთის გარდა. შესაძლოა, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯები, რათა უკრაინა, ასე ვთქვათ, უფრო დამთმობი გახდეს. ჩემი აზრით, ეს გარდაუვალია. ჩვენ გვესმის, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მათმა პარტნიორებმა გაზარდონ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
„ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ... სამხედროებმა მტრის გამშვები დანადგარები უნდა გაანადგურონ“, - დასძინა ზელენსკიმ.