Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, უკრაინა ომის დასასრულებლად მზადაა, თუმცა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მთელი სანტა-ბარბარაა

„უკრაინა მზადაა ომის დასამთავრებლად მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის, თუმცა შეხვედრის ადგილი და დრო დღემდე შეთანხმებული არ არის აშშ-სა და რუსეთს შორის პოზიციების სხვაობის გამო“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში ვიზიტის დასასრულს, ჟურნალისტებს განუცხადა.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები ამერიკული მხარის თხოვნით გადაიდო, მიზეზი კი ირანში მიმდინარე ომია.

„ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მთელი სანტა-ბარბარაა გათამაშებული, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო. ამერიკელებმა განაცხადეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან, მაგრამ მხოლოდ ამერიკაში, რადგან ომი და უსაფრთხოების ვითარება ახლა აშშ-ის ტერიტორიიდან გამგზავრების საშუალებას არ აძლევს მათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინამ დაადასტურა, რომ დელეგაცია მზადაა, მაიამიში ან ვაშინგტონში გაფრინდეს, თუმცა რუსულმა მხარემ ამერიკაში გამგზავრებაზე უარი განაცხადა და ალტერნატიულ ვარიანტად თურქეთი ან შვეიცარია შესთავაზა. ამერიკელებმა კი ეს ვარიანტი უარყვეს.

„ჩვენ დაუყოვნებლივ ვთქვით, რომ მომავალ კვირას შეხვედრისთვის მზად ვართ, როგორც ამერიკაში, ასევე შვეიცარიაში, თურქეთში, თუ არ შეეშინდებათ, საამიროებშიც“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შედგება თუ არა, ეს ამერიკელებზეა დამოკიდებული.