ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ნიუ-იორკში შეხვდებიან, სადაც მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის შემოდგომის სესია იწყება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. ეს იყო მნიშვნელოვანი საუბარი და ჩვენ ბევრი რამ განვიხილეთ. ჩვენ შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე და ამ შეხვედრამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. დიპლომატიური დინამიკა სახეზეა“, - დაწერა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ვიზიტის დროს მხარეებმა „არსებითი დეტალები კარგად განიხილეს“.
„არსებობს იდეები დეესკალაციის ზომებთან და უსაფრთხოების ფუნდამენტურ საკითხებთან - ენერგეტიკასთან, საკვებთან და ადამიანების სიცოცხლის დაცვასთან დაკავშირებით“, - დასძინა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.