ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე, სიტყვებით შეუძლებელია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 9 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის - 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, უკრაინის თავდაცვის ძალების მუდმივად მუშაობენ იმისთვის, რომ რუსული ტერორი შეაჩერონ.
„ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ დღე და ღამე უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის - 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა.
ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია. ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია - ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს მდგრადი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია“, - აცხადებს ზელენსკი.