უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის სოფელ მარინოში რუსული არმიის სამეთაურო პუნქტზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის Telegram შეტყობინებაშია აღნიშნული, დარტყმა დღეს, 2 იანვარს განხორციელდა.
„2 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მარინოში რუსეთის საოკუპაციო არმიის სამეთაურო პუნქტზე მაღალი სიზუსტის დარტყმა განახორციელეს. ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხის შესამცირებლად ყველა საჭირო ზომა მიღებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ეს დარტყმები, პირველ რიგში, მიზნად ისახავს რუსეთის უნარისა და სურვილის შესუსტებას, განახორციელოს ტერორისტული აქტები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები დაუღალავად გააგრძელებენ აგრესორი ქვეყნის სამხედრო სარდლობის ობიექტების იდენტიფიცირებას და განადგურებას“, - ხაზგასმით აღნიშნეს გენერალურ შტაბში.