ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევი აფასებს და სრულად უჭერს მხარს ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებას, უკრაინისა და ევროპის ინტერესების დაცვით!

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ კიევი აფასებს და სრულად უჭერს მხარს ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებას, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესახებ, უკრაინისა და ევროპის ინტერესების დაცვით. ამის შესახებ Reuters გვიყვება.
საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთისა და ევროკომისიის ლიდერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობას, დაასრულოს ომი უკრაინაში, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა და კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
„უკრაინას აქვს საკუთარი ბედის არჩევის თავისუფლება. შინაარსიანი მოლაპარაკებები მხოლოდ, ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში შეიძლება წარიმართოს. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ხაზს ვუსვამთ ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნულია ევროპელი ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ზელენსკის თქმით, ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს.
„ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დღეს უკრაინისა და ჩვენი ხალხის გვერდით დგას, უკრაინაში მშვიდობისთვის, რაც იცავს ჩვენი ევროპული ერების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოებას“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე.
„უკრაინა აფასებს და სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ მელონის, კანცლერ მერცის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის, პრემიერ-მინისტრ სტარმერის, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის და პრეზიდენტ სტუბის განცხადებას უკრაინისთვის მშვიდობის შესახებ“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის წერილში.