Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს უკრაინის ნატოში მიწვევაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობის, ისევე როგორც რესპუბლიკელების ლიდერის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ნატოში არმიწვევის თაობაზე, არ შეესაბამება „მსოფლიო ლიდერების პოლიტიკას“. ამის შესახებ ზელენსკიმ The Philadelphia Inquirer-ის მიმომხილველთან, ტრუდი რუბინთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ამჟამინდელი თეთრი სახლი არ არის მზად, უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, ტრამპი კი ამბობს: „რომ არა ნატო, (უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის) ომი, შესაძლოა, არ დაწყებულიყო“.

„მე მჯერა, რომ ეს „ერთი ნაბიჯის წინ, ორი ნაბიჯის უკან“ გადადგმის პოლიტიკაა და არ მგონია, რომ ეს მსოფლიო ლიდერების პოლიტიკაა. ეს ფრთხილი ნაბიჯებია. ეს არის გამნაღმველების ნაბიჯები დანაღმულ ველზე და თუ დღეს ჩვენ არ გვიწვევენ ნატოში, მაშინ ვითხოვთ კონკრეტიკას“, - დასძინა მან.

პრეზიდენტის თქმით, „თუ ამერიკას პუტინის გაღიზიანების ეშინია“ - რაც მან უკრაინის ნატოში არმიწვევის მიზეზად დაასახელა - კიევი ითხოვს თანხებს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.

„ჩვენ ვითხოვთ პატრიოტს, ვითხოვთ საკმარის F-16-ებს, ვითხოვთ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას საკუთარი თავის დასაცავად. თუ ნატო ჯერ არ არის მზად ჩვენს დასაცავად და თავის ალიანსში შესაყვანად, მაშინ ვითხოვთ ყველაფერს, რითაც თავის დაცვას შევძლებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.