Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: ამერიკელებს შობამდე სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა სურთ

ამერიკელი პარტნიორები შობამდე უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას გვთავაზობენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები უახლოეს მომავალში ტექნიკურ შეხვედრებს გამართავენ მომავალი მოლაპარაკებების შინაარსისა და შედეგების დასაზუსტებლად. ამის შემდეგ უკვე განიხილება, კონკრეტულად სად და როდის შეიძლება გაიმართოს სამმხრივი შეხვედრა. თუმცა აშშ მისი შობამდე ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. 

„უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი მრჩევლები გამართავენ შეხვედრების სერიას - შესაძლოა, ვიდეოფორმატში, ან პირისპირ - რათა მოამზადონ დღის წესრიგი, ანუ შეხვედრის შინაარსი და შედეგი - თუ როგორ დავუახლოვდეთ ყველანი ომის დასრულებას. ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ ამის გაკეთება შობამდე სურს. მე დავთანხმდი. რაც უფრო მალე იქნება შედეგები, მით უკეთესი“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

რაც შეეხება უკრაინის მონაწილეობას დიდი ოცეულის (G20) სამიტში, ზელენსკის თქმით, აშშ-ის მხრიდან შეთავაზება ჯერჯერობით არ ყოფილა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ეს ასეთი შეხვედრის გასამართად შესაფერისი ადგილია.

„ბევრმა ლიდერმა შესთავაზა ამერიკულ მხარეს, ოფიციალურად მიეწვია უკრაინა G20-ის სამიტზე. ჯერჯერობით მოწვევა არ მიგვიღია, მაგრამ თუ მივიღებთ, აუცილებლად ჩავალთ. შეიძლება, თუ არა სამმხრივი შეხვედრა G20-ის სამიტის ფარგლებში გაიმართოს - დარწმუნებული ვარ, რომ კი. გვსმენია, რომ ზოგიერთი კონგრესმენი არ იწონებს იმას, რომ ტრამპმა პუტინი მიიწვია. მაგრამ თუ ტრამპი უკრაინასაც მიიწვევს, ეს სულ სხვა ამბავია, რადგან სამმხრივ შეხვედრას ყველა დაუჭერს მხარს“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.