ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება დასრულებულია“
რუსეთის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის დონეცკის რეგიონში რუსმა სამხედროებმა ქალაქი კოსტიანტინივკა დაიკავეს.
რუსული მედიის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაერთიანებული ძალების ჯგუფის ერთ-ერთ დამხმარე პუნქტს ეწვია, სადაც მას „კოსტიანტინივკას განთავისუფლების შესახებ აცნობეს“.
რუსეთის არმიაში აცხადებენ, რომ კოსტიანტინივკაში შესასვლელად არმიამ გადალახა დაბრკოლებების სისტემა – ციხესიმაგრეები და ეკლიანი მავთულხლართებით გამაგრებული ღობეები – რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები წლების განმავლობაში აშენებდნენ.
კოსტიანტინივკა დონეცკიდან 55 კილომეტრში მდებარეობს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში, რადგან აქ მდებარეობს რკინიგზის სატრანზიტო ცენტრი.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება სრულად დასრულდა“.
„ცოტა ხნის წინ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება სრულად დასრულდა და გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურება დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.