ვლადიმერ პუტინი: ევროპაში არეულობის ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულება ევროპელი ლიდერების სისუსტეზე მეტყველებს
ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ევროპაში არეულობის ორგანიზებას ახდენს, ევროპელი პოლიტიკოსების სისუსტეზე და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების მათ უუნარობაზე მეტყველებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, გაკვირვებული იყო, რომ თავდაპირველად ევროპაში გამართულ საპროტესტო აქციებში შეერთებული შტატები დაადანაშაულეს, რადგან არ ელოდა, რომ ევროპელები თავიანთ მთავარ მოკავშირეზე თავდასხმას განახორციელებდნენ.
პუტინმა ევროპის ქალაქებში არეულობის პროვოცირებაში რუსეთის დადანაშაულების მცდელობას „სრულიად გადაჭარბებული“ უწოდა.
„ეს ევროპული ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის სისუსტესა და უუნარობაზე მიუთითებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. ეს კი მათთვის ცუდია. რადგან ისინი არ აანალიზებენ მოვლენებს, არ ეძებენ მიზეზებს, უბრალოდ აბრალებენ: ჯერ შეერთებულ შტატებს, ახლა კი რუსეთს“, - აღნიშნავს პუტინი.