Loading data...
ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა ნავთობის ბლოკადას უნგრეთის დასაშანტაჟებლად იყენებს

მიმდინარე კვირას, უნგრეთის მთავრობამ კიევში ფაქტების დამდგენი დელეგაცია მიავლინა, რათა ადგილზე შეემოწმებინათ ნავთობსადენი „დრუჟბა“ და ნავთობის ტრანზიტის აღდგენაზე მოლაპარაკებები ეწარმოებინათ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, დელეგაცია კეთილი მიზნებით ჩავიდა უკრაინაში და მათი დანიშნულება არა ურთიერთბრალდებები, არამედ ფაქტების დადგენა და დიალოგის დაწყებაა. თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინა კვლავ უარს ამბობს, უნგრელი ექსპერტები ნავთობსადენთან მიუშვას.

ორბანის განცხადებით, კიევი ახლა ამტკიცებს, თითქოს დელეგაციის ჩასვლის შესახებ „ინფორმირებული არ ყოფილა“ ეს ხდება მაშინ, როდესაც უნგრეთის მთავრობამ უკრაინის ხელისუფლებას წინასწარ ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა და ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაც მოითხოვა.

დელეგაციის ამოცანაა, მივიდნენ ნავთობსადენის იმ საწყის წერტილამდე, სადაც ტრანზიტი შეწყდა და ადგილზე გადაამოწმონ, რა უშლის ხელს პროცესის განახლებას. ყველა არსებული მონაცემით, მილსადენი მუშა მდგომარეობაშია და ტრანზიტის გაგრძელება ტექნიკურად შესაძლებელია. შესაბამისად, დასკვნა აშკარაა: ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ნავთობის ტრანზიტის ბლოკირებით უკრაინა ცდილობს ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე და ჩაერიოს აპრილის საპარლამენტო არჩევნებში.

პრეზიდენტი ზელენსკი მხარს უჭერს უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს, პეტერ მაგიარს და იმედოვნებს, რომ ბუდაპეშტში უკრაინისა და ბრიუსელის მიმართ ლოიალურ მთავრობას დასვამს, რომელიც უსიტყვოდ დათმობს უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს.

უნგრეთის დელეგაცია კიევში რჩება და უკრაინის მთავრობის პასუხს ელოდება. უნგრეთი შანტაჟს არ დაემორჩილება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას და არავის მივცემთ უფლებას, ენერგომომარაგების ბერკეტით უნგრეთის არჩევნებზე მოახდინოს გავლენა.