ვიქტორ ორბანი: არაა გამორიცხული, 2025 წელი ევროპისთვის მშვიდობის ბოლო წელი იყოს
არ არის გამორიცხული, 2025 წელი ევროპისთვის მშვიდობის ბოლო წელი იყოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ 2025 წელი ევროპისთვის მშვიდობის ბოლო წელი იყოს, ორბანმა უპასუხა: „დიახ, ამის გამორიცხვა შეუძლებელია“.
ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპაში ბოლო მასშტაბური ომი 1945 წელს დასრულდა და მას შემდეგ ოთხმოცი წელი გავიდა.
მისი თქმით, „ჩვენ ომს ვუახლოვდებით“, თუმცა, სავარაუდოდ, მისი წყალობით, გასულ კვირას ბრიუსელში ომის ტემპი შენელდა.
„დიდი ხნის განმავლობაში მასობრივი განადგურების ბირთვული იარაღი კონტინენტის ხალხებს ომისგან იცავდა. ყველას სჯეროდა, რომ ევროპული კონფლიქტი გარდაუვალად გადაიზრდებოდა ბირთვულ მსოფლიო ომში. ეს შიში 80 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, ახლა სრულიად ახალი სამყარო ჩნდება. მიმდინარეობს ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილება, რამაც შეიძლება, ომიც კი გამოიწვიოს. ევროპაში სამხედრო დაძაბულობა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის დაცემის შედეგია. ჩვენ ომს ვუახლოვდებით.
გასულ კვირას ბრიუსელში ჩვენ შევძელით ომში გადასვლის ტემპის შენელება. იყვნენ ისეთებიც, ვისაც სურდა ამ პროცესის ჰიპერაჩქარება და ჩვენ მოვახერხეთ მათი დაბლოკვა. თუმცა, პროცესი არ შეჩერებულა.
ჩვენ მხოლოდ მისი დაჩქარება შევაჩერეთ. დღეს ევროპაში კვლავ ორი ბანაკია: ომის მხარე და მშვიდობის მხარე. ამჟამად, ომის მომხრე ძალებს უპირატესობა აქვთ. ბრიუსელს ომი სურს, უნგრეთს კი – მშვიდობა“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.