Loading data...
ვენსის განცხადებით, დარწმუნებული არ არის, შეძლებს თუ არა მასკი ტრამპის ერთგული მოკავშირეების რიგებში დაბრუნებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, შეძლებს თუ არა ილონ მასკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას მას შემდეგ, რაც მათ შორის ურთიერთობა ამ კვირის დასაწყისში დაიძაბა. ამის შესახებ Politico წერს. 

ვიცე-პრეზიდენტი იძულებული გახდა, რეალურ დროში ეპასუხა 5 ივნისს მასკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების სერიაზე, რომლებშიც ის ტრამპს თავს ესხმოდა, მათ შორის ბრალდებებზე, რომ პრეზიდენტი „ეპშტეინის ფაილებში“ ფიგურირებდა. საუბარია ჯეფრი ეპშტეინზე, პედოფილიასა და პროსტიტუციაში ბრალდებულ ფინანსისტზე.

პოდკასტში საუბრისას ვენსმა განაცხადა, რომ მასკის მხრიდან პრეზიდენტზე თავდასხმა „დიდი შეცდომა“ იყო.

„ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ილონიც დაგვიბრუნდება. შესაძლოა, ახლა ეს შეუძლებელია, რადგან ის ძალიან გააფთრებულია“, - აღნიშნა ვენსმა.

ბევრი რესპუბლიკელი ტრამპის დასაცავად გაერთიანდა. მათ მიანიშნეს, რომ ამ ბრძოლაში პრეზიდენტის მხარეს იკავებენ - მათ შორის იყო ვენსი.

„თუ მას და პრეზიდენტს რაიმე სახის სისხლიანი შუღლი ექნებათ, ეს, პირველ რიგში, ქვეყნისთვის იქნება ცუდი, მაგრამ, არა მგონია, რომ ეს ილონისთვისაც კარგი იყოს“, - განაცხადა ვენსმა.

მასკმა მას შემდეგ წაშალა თავდაპირველი პოსტი, რომელშიც ტრამპს „ეპშტეინის სიაში“ ყოფნაში ადანაშაულებდა, თუმცა სხვა პოსტებში მასზე მინიშნებას კვლავ აგრძელებს.

„უბრალოდ, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მხრიდან უდიდესი შეცდომაა ამ ომში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთან ყოფნა“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.