ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო, რომელიც თვეების განმავლობაში დევნილობაში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 10 თვეზე მეტხნიანი დევნილობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
„აქ ვარ, თქვენთან ერთად“, — დაწერა მაჩადომ 25 ოქტომბერს X-ზე. იგი ვენესუელაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ქვეყანაში შესვლის არაერთი წინა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მაჩადომ ვენესუელა ფარულად გასული წლის დეკემბერში დატოვა, რათა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისაღებად ნორვეგიაში ჩასულიყო. ერთი თვის შემდეგ კი აშშ-ის ძალებმა კარაკასში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი და მაჩადოს ოპონენტი ნიკოლას მადურო დააკავეს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნის ლიდერის პოსტზე მხარი მადუროს მოადგილეს დელსი როდრიგესს დაუჭირა. სწორედ როდრიგესმა გააფორმა აშშ-თან ნავთობის შესახებ შეთანხმება.
კარაკასში მაჩადო მისი მომხრეებით გარშემორტყმული ჩავიდა. დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე მის დასახვედრად კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი იყო შეკრებილი.
„გაერთიანების ღამე ჩვენს კარაკასში. თითოეული ოჯახის გაერთიანებისთვის, თითოეული პოლიტპატიმრის თავისუფლებისთვის, ვენესუელის თავისუფლებისთვის“, — დაწერა მან X-ზე.
მაჩადოს მრჩეველმა სექტემბერში განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მაჩადო შვიდჯერ შეეცადა ვენესუელაში დაბრუნებას, თუმცა ყოველ ჯერზე უშედეგოდ. გავრცელდა ცნობები, რომ მისი დაბრუნების შეფერხებაში აშშ მონაწილეობდა, რასაც ამერიკული მხარე უარყოფს.
მაჩადოს სპიკერმა მის დაბრუნებას უწოდა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული გარდამავალი პროცესისა და უახლოეს მომავალში თავისუფალი, სამართლიანი და გადამოწმებადი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ“.
აღსანიშნავია, რომ მაჩადომ 2023 წელს საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენ დამოუკიდებელ პრაიმერიზში გაიმარჯვა, რომელიც მადუროს მთავრობის ოფიციალური საარჩევნო ორგანოს გვერდის ავლით ჩატარდა და ხმათა 90%-ზე მეტი მოიპოვა.
პრაიმერიზში გამარჯვების მიუხედავად, მადუროს მთავრობამ მაჩადოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა და მას თაღლითობასა და საგადასახადო დარღვევებში დასდო ბრალი. მაჩადომ ბრალდებები უარყო და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ნობელის პრემიის მისაღებად ნორვეგიაში გამგზავრებამდე მან ქვეყანაში დარჩენილი უკანასკნელი დღეები უსაფრთხო თავშესაფრებში დამალულმა გაატარა.
2024 წლის არჩევნებში მადუროს წინააღმდეგ მაჩადოს ნაცვლად კენჭი მისმა მოკავშირემ ედმუნდო გონსალესმა იყარა. საარჩევნო ორგანომ, რომელიც მჭიდრო კავშირშია მთავრობასთან, მადურო გამარჯვებულად გამოაცხადა, ხმის მიცემის დეტალური შედეგების გასაჯაროების გარეშე. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნებში გონსალესმა გაიმარჯვა და არა მადურომ და მტკიცებულების სახით კენჭისყრის შედეგების ოქმების ასლები გამოაქვეყნა.
2026 წლის იანვარში აშშ-ის ძალებმა ნიკოლას მადურო ქვეყნიდან გაიყვანეს. ამჟამად იგი ნიუ-იორკში პატიმრობაში იმყოფება და ბრალად ედება ნარკოტიკებთან, იარაღსა და წამებასთან დაკავშირებული დანაშაულები. მან თავი დამნაშავედ არ ცნო.