Loading data...
„ვენესუელა გრენლანდიაში“ - დანია წარმოუდგენელი სცენარისთვის ემზადება

„როდესაც შაბათს დანიაში გაიღვიძეს და გაიგეს, რომ აშშ ვენესუელაში უკანონოდ შეიჭრა მისი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დასაჭერად, ბევრმა იფიქრა, რომ მათი დრო დადგა - შესაძლოა, ისინი იყვნენ შემდეგი სამიზნე“, - წერს ესპანური გაზეთი El País-ი სტატიაში სათაურით „დანია ემზადება წარმოუდგენელი სცენარისთვის - „ვენესუელა“ გრენლანდიაში“.

„საჭირო აღარც ყოფილა დონალდ ტრამპისა და მისი გარემოცვის მუქარა გრენლანდიაში შეჭრის თაობაზე, რაც მათ მომდევნო საათებში გააკეთეს. ამერიკის პრეზიდენტი უკვე ერთი წელია საუბრობს თავის განზრახვაზე, რომ ნებით თუ ძალით ჩაიგდოს ხელში დასავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილოეთით მდებარე ეს გიგანტური კუნძული - ვენესუელის პრეცედენტმა კი კოპენჰაგენში უარესი შიშები აღძრა“, - წერს სტატიის ავტორი.

დანიის სტრატეგია, რომელიც მეტ-ნაკლებად აშკარაა საჯარო განცხადებებში, მდგომარეობს იმაში, რომ გამონახონ დიალოგი ტრამპის ადმინისტრაციის იმ წევრებთან, რომლებსაც უფრო პრაგმატულებად მიიჩნევენ.

ერთ-ერთმა მათგანმა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თანახმაა შეხვდეს საკუთარ დანიელ კოლეგებს, შესაძლოა მომავალ კვირაში.

კოპენჰაგენში განიხილავენ სხვადასხვა სცენარს და ამუშავებენ საპასუხო წინადადებებს. ეს ყველაფერი კეთდება აშშ-ის პრეზიდენტის დასაშოშმინებლად და იმის თავიდან ასაცილებლად, რომ მან - გასროლის თანხლებით თუ მის გარეშე - გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში ამერიკული დროშა აღმართოს.