ვატიკანი ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობას არ აპირებს
ვატიკანი არ აპირებს ინიციატივაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც „მშვიდობის საბჭოს “ სახელით არის ცნობილი და რომლის ინიციატორად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოდის. განცხადება ვატიკანის მთავარმა დიპლომატმა პიეტრო პაროლინიმ გააკეთა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
მისი თქმით, კრიზისული სიტუაციების მოგვარების ძალისხმევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობით უნდა ხორციელდებოდეს.
პიეტრო პაროლინიმ აღნიშნა, რომ ვატიკანი მონაწილეობას არ მიიღებს „მშვიდობის საბჭოში“ მისი განსაკუთრებული ბუნების გამო, რომელიც სხვა სახელმწიფოთა თვისებებისგან განსხვავებულია. მისი თქმით, საერთაშორისო დონეზე სწორედ გაერო ასრულებს საკვანძო როლს კრიზისული სიტუაციების მართვის დროს.
რომის პაპი ლეო XIV, რომელიც პირველი პონტიფიკოსია აშშ-დან, ამ საბჭოში იანვარში მიიწვიეს.
დონალდ ტრამპის გეგმის მიხედვით, „მშვიდობის საბჭო“ ღაზას სექტორში მართვის დროებით ორგანოებს უნდა აკონტროლებდეს. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ თავმჯდომარე თავად იქნება და მისი უფლებამოსილება გლობალური კონფლიქტების მოსაგვარებლად გაფართოვდება.
ზოგიერთი ქვეყანა ტრამპის მიწვევას ამ ორგანიზაციაში სიფრთხილით შეხვდნენ. ექსპერტები შიშობენ, რომ მშვიდობის საბჭომ შეიძლება გაეროს როლი დააკნინოს.