Loading data...
„უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის“ - ევროპა აღიარებს, რომ აშშ-ის გარეშე გარანტიების მიცემას ვერ შეძლებს - Bloomberg

ევროპა აღიარებს კრიტიკულ სამხედრო ხარვეზებს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის შეერთებულ შტატებს ეყრდნობა, - წერს Bloomberg.

ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე კონტინენტი ვერ შეძლებს უზრუნველყოს ვერც უკრაინის უსაფრთხოება და ვერც საკუთარი დაცვა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხისგან.

ევროპის ქვეყნები, რომლებიც საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდულობას აღიარებენ, მოუწოდებენ აშშ-ს, დარჩეს თავდაცვის სფეროში საკვანძო პარტნიორად.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი პრობლემა კოსმოსური დაზვერვისა და ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ნაკლებობაა.

როგორც მედია წერს, ვაშინგტონი უზრუნველყოფს ნატოს სადაზვერვო და სათვალთვალო რესურსების, მათ შორის თანამგზავრების, დიდ ნაწილს. ამ შესაძლებლობების ჩანაცვლება ევროპას დაახლოებით 4.8 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

„ეს შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, რადგან... თვალების გარეშე ბრმა ხარ“, - განაცხადა ვერონიკა სტრომსიკოვამ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების საკითხებში დირექტორმა.

ევროპელებს, ასევე, არ გააჩნიათ საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა. ამ ამოცანას ამერიკული „პეტრიოტის“ სისტემები ასრულებენ.

პრაღის თავდაცვის სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა ხუთჯერ უნდა გაზარდონ.

„მხოლოდ ფულით უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია, ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები: რეალური საცეცხლე ძალა, მძიმე შეიარაღება და ახალი ტექნოლოგიები“, - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ იონსონმა დასძინა: „უკრაინაში მშვიდობა არ იქნება, ვიფდრე ჩვენ არ გავაძლიერებთ ძალისხმევას, არ გავზრდით თავდაცვის დახმარების პაკეტებს და არ გავამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“.