ურსულა ფონ დერ ლაიენმა 5 პრიორიტეტი დაასახელა, რომლებიც უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს გათვალისწინებული
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთი პრიორიტეტი დაასახელა, რომლებიც უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს გათვალისწინებული.
„მინდა გამოვყო ევროპისთვის რამდენიმე ძირითადი პრინციპი. პირველი პრიორიტეტია, რომ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. და ის უნდა უზრუნველყოფდეს ნამდვილ უსაფრთხოებას უკრაინისა და ევროპისთვის“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, უკრაინას არ შეუძლია რაიმე შეზღუდვა დააწესოს თავის შეიარაღებულ ძალებზე.
„უკრაინას სჭირდება საიმედო, გრძელვადიანი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები,... და ასევე, ნათელია, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს ევროპული უსაფრთხოების გარანტიებს გრძელვადიან პერსპექტივაში“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მეორე პრიორიტეტი უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაა.
„თუ დღეს საზღვრების რღვევას ლეგიტიმაციას და ფორმალიზებას მივანიჭებთ, ხვალ ახალი ომებს კარს გავუღებთ. და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მან დასძინა, რომ „უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“ და რომ ეს უსაფრთხოების გარანტიების ნებისმიერი სისტემის ფუნდამენტური და აუცილებელი ნაწილია.
მესამე პრიორიტეტი უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაა.
„ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, დავეხმაროთ უკრაინას ფინანსურად 2026 და 2027 წლებისთვის. ამ თემაზე ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტი დაფინანსების ვარიანტებით. ეს მოიცავს რუსული აქტივების ვარიანტსაც“, - გაიხსენა პოლიტიკოსმა.
მან აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯი ევროკომისიის მიერ უკრაინის დაფინანსების შესახებ სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების წარდგენა იქნება.
მეოთხე პრიორიტეტი, რომელიც ფონ დერ ლაიენმა გააჟღერა, არის „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე, არაფერი ნატოზე ნატოს გარეშე“.
მეხუთე პრიორიტეტი რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვის დაბრუნებაა.